26 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა მოსამართლეს, გადადებულია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს როგორც გრიგორიადისის ოჯახი, ისე ადვოკატები.
ადვოკატების თქმით, დასკვნითი სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულება გახდა – მათ დღეს, 22 თებერვალს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეატყობინა მოსამართლის მდივანმა, რომ ორშაბათს ჩანიშნული პროცესი ვერ გაიმართებოდა. ამ დროისთვის ადვოკატებმა არ იციან, როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო სხდომა.
დასკვნითი სხდომის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასრულებული იქნება და მოსამართლეს შეუძლია განაჩენი ან ამავე სხდომაზე გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ერთი წელია გრძელდება – მას წინასწარი პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გრიგორიადისის დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს. 2023 წლის დეკემბერში მათ უდავოდ გახადეს პროკურატურის 10-ზე მეტი მოწმის ჩვენები პროცესის დასაჩქარებლად, რათა თავიდან აეცილებინათ მათი გამოკითხვა სასამართლოში.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება – ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.