ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორი – ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი და საკმარისია

ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი და საკმარისია, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ს საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული ადასტურებს მის მონაწილეობას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა მტკიცებულებები და სასამართლოს წინაშე წარსდგა დასკვნითი სიტყვით. ასევე, მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
დასკვნით სიტყვაში დეტალურად გაიშალა თითოეული მტკიცებულება, როგორ მოწმეთა ჩვენებები, ასევე არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ვიდეოჩანაწერი იქნა დათვალიერებული. ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ბრალდებულმა, გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებული მონაწილეობდა მის ადვოკატთან ერთად. შესაბამისად, კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერებზე გარდა იმისა, რომ საქმეში არსებობდა შესაბამისი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, ბრალდებული ადასტურებდა მის მონაწილეობას კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ