ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება. ლაზარეს ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ეს დასკვნითი სხდომა იქნება.
“ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე განაჩენი 26 თებერვალს დადგება […] ჩვენი მოლოდინია, რომ ამ დღეს მოსამართლე სათათბიროდ მაინც აუცილებლად გავა. არასამართლიან, ანუ გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებით – იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასამართლიანად და არაობიექტურად წარიმართა”. – თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.