მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ საქმეზე განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. მედიის კითხვებზე საპასუხო წერილი რიგორიადისმა “ინტერპრესნიუსს” გაუგზავნა.
მისი თქმით, მარტის აქციებზე არამარტო კანონს აპროტესტებდნენ, არამედ იცავდნენ ევროპულ კურსს. წერილში ის ამბობს – “ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ”.
“ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის”, – ამბობს გრიგორიადისი.
მედიასთან ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს:
“საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული… […] დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარების გარდა. სუპში მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ რომ, გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს. არაჰიგიენურად მზადდება ყველაფერი, მოკლედ რომ ვთქვა”.
მისი თქმით, ციხეში ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათსა და პარასკევს, რადგან პატიმრების ნაწილი მარხვას იცავს. აქტივისტი ამბობს, რომ უწყებას არ აინტერესებს “მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს”.
ის ამბობს, რომ საკანში მაგიდა ისეთი ზომისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თუ წერა, ხატვა, ან რამე მსგავსი გიწევს, “სკამიდან განადგურებული დგები”.
“მაღაზიას რაც შეეხება, რის გამოც ვშიმშილობ და ხელს „ვიჩეხავ“, თავიდანვე შევამჩნიე რაღაც ხარვეზები მაღაზიის მუშაობაში. რადიო ვიყიდე, 3 კვირა ელემენტები ვერ ვიყიდე, ბოლოს კამერა დავწვი, შემოიტანეს ელემენტები, სიაში ერთს ვწერდი, მეორე მოჰქონდათ, რანაირად შეიძლება თეთრი შოკოლადი შავში აგერიოს, აი, ასეთი პრიმიტიული შეცდომებით მოსულა შეკვეთა, ერთი-ორი თვის წინანდელ ამბავს გიყვებით. ყვირილს ასე თუ მივეჩვეოდი, არ მეგონა, ყველაფერზე „ვჭედავ“, ამ ბოლო ხანებში, აღარ ვიკავებ ბრაზს. ახლა ბოლოს, ახალი საყვედური მივიღე შეურაცხყოფის მიყენებაზე, ერთი კვირა რასაც ვწერდი, არაფერი ამოდიოდა, ვრჩებოდი მშიერი. ბოლოს, ხელსახოცი, კეტჩუპი და სოსისი დავწერე, ხელსახოცი ამოვიდა, სოსისი არა. მოკლედ, აბსურდია, რაც აქ ხდება. რანაირად შეიძლება ასეთმა კომპანიამ ტენდერი მოიგოს, ვერ ვიგებ. თავის ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სასაქონლე ბაზაში რაც უწერია, ის ვერ მოაქვს მაღაზიამდე. დისტრიბუციის ბრალია, თუ მაღაზიის, არ ვიცი, თან პასუხისმგებელიც არავინ არის, შენ თუ მშიერი რჩები. ახლა ეს სტრატეგია მაქვს, ვწერ სიას, ყველა თუ ამოვა იქიდან, ერთ პროდუქტს დავიტოვებ და შევჭამ, დანარჩენს სხვა საკანში ვაწვდი სხვას. (ძალიან იშვიათია, რომ პროდუქტების დაწერილი სიიდან ყველაფერი ამოვიდეს)”, – ამბობს გრიგორიადისი.