ლაზარე გრიგორიადისის დედა – სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ს დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მისი შვილის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, აპირებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამთა კალანდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისი შვილის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართება.
მისი განმარტებით, მისი შვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიება ტარდება იმის გამო, რომ ის ევროინტეგრაციისთვის იბრძოდა.
„იქიდან გამომდინარე, რასაც თვალს ვადევნებთ, სასიკეთო მოლოდინი არ გვაქვს[სასამართლოს გადაწყვეტილების მხრივ] იმიტომ, რომ რეალურად რაც ხდება მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიზანი არის სადამსჯელო ღონისძიება. ბევრჯერ გავაჟღერეთ, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაამტყუნებს ლაზარეს”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სკანდირებენ „თავისუფლება ლაზარეს“. აქტივისტების თქმით, ლაზარე უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მათივე თქმით, ბრალდების მხარე ბრალს ვერ ამტკიცებს, რადგანაც ამისთვის მტკიცებულებები ამ დრომდე ვერ წარმოადგინა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
გამოძიების ინფორმაციითვე, ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.