ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – მოვისმინეთ, რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, რაც მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ს ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა „უსუსური“ იყო და ის მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა.
როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„ლაზარე გრიგორიადისის საქმე დავასრულეთ. ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარვდექით, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ, რუ რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა. ის, რეალურად, მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. ვერცერთი არგუმენტი პირდაპირ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას ვერცერთი ადასტურებდა.
ყოველი აღნიშნულის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარეს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა ჰქონდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ასევე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილის გადაწვა, რეალურად ლაზარე გრიგორიადისს არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარე გრიგორიადისს არსებულ ბრალდებებში გაამართლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გამოიხატება მეორე ინსტანციაში გასაჩივრებით და ასევე, როგორც კი განაჩენი დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ