ლავროვმა ცხინვალელ მინისტრს დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება

ოსური მედიის ინფორმაციით, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან მოლაპარაკებების გახსნისას განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები “გადახედვას არ ექვემდებარება”.
“ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ხოლო “მიმდინარე და მომავალი წლების კონსულტაციების გეგმა ხორციელდება”.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან”, – დაამატა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამთავრობათაშორისო კომისია, რომელიც ახორციელებს გეგმებს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროგრამას. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს [დე ფაქტო] შორის ურთიერთობების ფუნდამენტის განმტკიცებისთვის.
“დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ ვრცელი დღის წესრიგი – ეს მოიცავს პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებში ჩვენი მოკავშირეების ურთიერთქმედების შემდგომი ხელშეწყობის საკითხებს და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული საკითხებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის განხილვას, რომელიც ამ დღეებში არავის უვლის გვერდს” ,- აღნიშნა ლავროვმა.
ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთთან შემდგომი ნაყოფიერი მუშაობის იმედი აქვს ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმებების ფარგლებში.
გარდა ამისა, ჯიოევმა ლავროვს მადლობა გადაუხადა, რომ რჩება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა და პოზიციის ერთგული, რომელიც მაშინ რუსეთმა მიიღო.
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მიერ განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ეს ჩვენთვის საერთო ბრძოლაა”, – განაცხადა ჯიოევმა.