რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ამის შესახებ ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის სიტყვები, რომ თუ აშშ უკრაინას მხარს არ დაუჭერს, რუსეთი გაიმარჯვებს და მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხმება. ლავროვმა აღნიშნა, რომ ოსტინს არ შეუძლია არ მიიღოს პენტაგონის ექსპერტთა შეფასებები, მათ შორის, მათი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ესმით რა ხდება უკრაინაში.
“არანაირი აგრესიული გეგმები, არავითარი დაპყრობის გეგმები რუსეთს არ აქვს, არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს”. – თქვა მინისტრმა.
ამავდროულად, სერგეი ლავროვმა ისაუბრა ეუთოს როლზეც და აღნიშნა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთოს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ ამის შანსები მცირეა.