რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მზადდება მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრებთან”, ახსარ ჯიოევსა და ოლეგ ბარციცთან.
16 სექტემბერს ჯიოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს აცნობა, რომ 1 ოქტომბერს იგეგმება მისი შეხვედრა რუს და აფხაზ კოლეგებთან. ჯიოევმა შეხვედრის ადგილად დაასახელა ქალაქი სოჭი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა, რომ შეხვედრა მზადდება.
რუსეთმა საქართველოს ორი ტერიტორია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ფინანსურად მოსკოვზე დამოკიდებული ეს ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ და უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად მიიჩნევენ.
