რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც აპირებს, რომ თბილისთან კავშირების ნორმალიზაციაზე იზრუნოს. რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ტას-თან ინტერვიუში ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა.
მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდანაა გაწყვეტილი საქართველოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც კრემლმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა.
გალუზინმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დიპურთიერთობი ვერ აღდგება, რეგიონში არსებული რეალობების გამო.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკას.
“საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, უკვე გადალახულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს [ე.წ. გავრილოვის ღამე. ნეტ.] ცნობილმა პროვოკატორებმა გამოიწვიეს”, – განაცხადა გალუზინმა და დასძინა, რომ რუსეთმა გასულ წელს გააუქმა სავიზო რეჟიმი ქართველებისთვის და აღადგინა პირდაპირი მიმოსვლა.
რუსი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის ნაბიჯები პოზიტიურად მიიღო, როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ.
“გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან 1.4 მლნ სტუმარი ეწვია. რუსები საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავლის მეოთხედს უზრუნველყოფენ”, – განაცხადა ლავროვის მოადგილემ.