რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ ვენესუელის ნავთობ ინდუსტრიაში რუსეთისა და სხვა ქვეყნების როლზე აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს, ხოლო კრემლმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ვაშინგტონთან განიხილავს.
რუსული მხარის რეაქციას წინ უძღოდა წინა დღით, 10 თებერვალს, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მიერ ვენესუელური ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და წარმოების ხელშეწყობის მიზნით გამოცემული ზოგადი ლიცენზია. ლიცენზიით აშშ-მ უფლებამოსილება არ გასცა ისეთ ტრანზაქციებზე, რომლებშიც გარეული იყვნენ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეები ან მათი სუბიექტები.
აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ამ საკითხს განიხილავს და სურს, რომ აშშ-სთან, “დომინირების იდეის გარეშე,” ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იმუშაოს.
“ეს აშკარა დისკრიმინაციაა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს ვენესუელის ნავთობ და ენერგო სექტორებში ინვესტიციები ჰქონდათ ჩადებული.” – აღნიშნა ლავროვმა.
ამას გარდა, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ვითარებას გაარკვევს.
“ჩვენ ნამდვილად გვაქვს ვენესუელაში ინვესტიციები, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და არსებობს ინტერესი, როგორც ჩვენი ვენესუელელი პარტნიორებისგან, ასევე ჩვენგან. მაშასადამე, ყოველივე ეს არის მიზეზი, რათა სიტუაცია ამერიკელებთან განვიხილოთ.” – თქვა პესკოვმა.
მანამდე, თებერვლის დასაწყისში, ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ “ვენესუელაში განვითარებული მოვლენების ფონზე,” რუსულ კომპანიებს “ვენესუელიდან დაუფარავად ყრიან”.
წყარო




