ახლა ზემოთ გავიხედე და პრესა არ ზის, არ არიან! აქ რომ სხვა ინტრიგა იყოს, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნებოდა – ყველა ხელისუფლება კონტროლდება და ისინიც უნდა გაკონტროლდნენ, რადგან ყველაზე მძიმე დაავადების გამოწვევა არასწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია, რომელიც მასმედიით შეიძლება გავრცელდეს! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ისმენენ.
ლადო კახაძის შეფასებით, „ეს არის პრევენციული ზოგადპოლიტიკური დოკუმენტი დედამიწისთვის, მომავალი გამოწვევების თავიდან არიდების მიზნით“.
„დავაკონკრეტებ თუ ვისთან უნდა მოხვდეს ეს დოკუმენტი: – ევროსაბჭოს 700-ვე დეპუტატთან. როცა საქართველოს საკითხი იხილება, დარბაზში ხუთი კაცი ზის. ჩვენი ოპონენტების შეკოწიწებულს და შეთხზულს ხუთი კაცი ისმენს და 700 უჭერს მხარს.
მოხვდება თუ არა დოკუმენტი აშშ-ს ადმინისტრაციაში? უნდა მოხვდეს! თითქმის წელიწადი გადის და გაურკვევლობას ბოლო უნდა მოეღოს!
მესამე – ვისაც ამ ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილედ ვთვლი… მოხდება თუ არა გავრცელება „ევროპის სახალხო პარტიის“ რიგებში?
ახლა ზემოთ გავიხედე და პრესა არ ზის – არ არიან! აქ რომ სხვა ინტრიგა იყოს, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნებოდა. როგორც პროფესიონალ ექიმს გული მტკივა, რომ მასმედია დასმული დიაგნოზისა და ღონისძიებების გასატარებელი სასიკეთო პროდუქტის მოსმენას არ კადრულობს. ეს სამწუხაროა! დარწმუნებული ვარ, მასმედიის ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ… ყველა ხელისუფლება კონტროლდება და ისინიც უნდა გაკონტროლდნენ, რადგან ყველაზე მძიმე დაავადების გამოწვევა არასწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია, რომელიც მასმედიით შეიძლება გავრცელდეს“, – განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.