ლაგუნა ვერეს მიმდებარე მონაკვეთის გაფართოების ტენდერში შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა – როდის დასრულდება და რა უჯდება ბიუჯეტს გზის რეკონსტრუქცია

ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში აგვისტოს ბოლოს შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა.
თბილისის მერიას შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 5 120 997 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო და შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც შესასრულებელი სამუშაოები 4 557 687 ლარად შეაფასა.
საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან (2024 წლის 23 აგვისტო) 60 კალენდარული დღეა გათვალისწინებული.
რაც შეეხება პროექტის დეტალებს:
– შესყიდვის ობიექტია – ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა;
– საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა – 60 (სამოცი) კალენდარული დღე, ეტაპობრივად, წერილობითი დავალებების და სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
– ანგარიშსწორება მოხდება 2024-2025 წ.წ. (2024 წ. – 4 000 000,00 ლარი; 2025 წ. – 1 120 997,00 ლარი) ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად.
– საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯიარჯი“ სამეწარმეო რეესტრში 2013 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გურამ დაფქვიაშვილია.

ასევე დაგაინტერესებთ