ლაგოდეხის ნაკრძალში ცხენის თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს.
„ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას.
მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის მიზნით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომ მისი თბილისში, ვერტმფრენით გადმოყვანა.
ამ დროისთვის მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.