გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი აცხადებს, რომ ქმარი ციხეში მოწამვლით მოკლეს.
იულია ნავალნაიას თქმით, მოწამვლა დაადასტურა ალექსეი ნავალნის ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზმა ორ უცხოურ ლაბორატორიაში.
„2024 წლის თებერვალში ჩვენ შევძელით ალექსეის ბიოლოგიური ნიმუშების უსაფრთხოდ მოპოვება და საზღვარგარეთ ტრანსპორტირება. სულ მცირე ორი ქვეყნის ლაბორატორიებმა დამოუკიდებლად გამოიკვლიეს ეს ნიმუშები. ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ალექსეი მოკლულია. კერძოდ, მოწამლული“, — განაცხადა ნავალნაიამ.
მას არ დაუსახელებია, რომელ ქვეყნებში ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები.
იულია ნავალანაიამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება მისი ქმრის მკვლელობაში.
The Insider-ის გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნავალნის მკვლელობის ბრძანება სავარაუდოდ არ გაუცია.
პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში 2024 წლის 16 თებერვალს დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქმეს კრიმინალური ხასიათი არ აქვს”.
მანამდე ნავალნი მოწამლეს 2020 წელს, რის შემდეგაც ის გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
