კურსკის მოვლენების ფონზე პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

რუსეთის საჯარო აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მონაცემებიდან ჩანს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ვლადიმირ პუტინის საქმიანობის მოწონებისა და მისი ნდობის რეიტინგის რეკორდული ვარდნა შეინიშნება. ВЦИОМ-ის მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ მონაცემებს ყურადღება პირველად დამოუკიდებელმა რუსულმა პროექტმა Агентство-მ მიაქცია.
Агентство ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ პუტინის ნდობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის მაჩვენებელი, ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ერთ კვირაში მსგავსად აქამდე არასდროს დაცემულა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ორივე რეიტინგი ამჟამინდელ მაჩვენებლებზე ნაკლებიც ყოფილა.
ВЦИОМ-ის მონაცემებში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის საქმიანობის მოწონება 12-დან 18 აგვისტომდე 3.5%-ით შემცირდა და 73.6%-მდე ჩამოვიდა. აქამდე, ერთი კივირით ადრე, 5-დან 11 აგვისტოს შუალედში ეს მაჩვენებელი 77.1%-ს შეადგენდა. გამოკითხულებს უსვამდნენ შეკითხვას: “სრულად უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ მხარს პრეზიდენტის საქმიანობას?”.
ВЦИОМ-ის მონაცემებიდან ასევე ჩანს, რომ პუტინის ნდობის რეიტინგი 2.6%-ით შემცირდა და 78.2%-მდე ჩამოვიდა. ერთი კვირით ადრე, ამავე კვლევებით, ეს მონაცემი 80.8%-ს უტოლდებოდა. გამოკითხვაში მონაწილეებს ეკითხებოდნენ: “ენდობით თუ არ ენდობით ვლადიმირ პუტინს?”.
Агентство წერს, რომ ВЦИОМ-ის მონაცემები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინის რეიტინგის ორივე მაჩვენებლის რეკორდულ გაუარესებას აჩვენებს. ომის განმავლობაში პუტინის საქმიანობის მხარდაჭერის მაჩვენებელი 73.6%-ს ჩამოსცდენია. კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მოწყობილი აჯანყების შემდეგ, 2023 წლის 7-13 აგვისტოს შუალედში ეს მაჩვენებელი 72.6%-მდე იყო დაწეული. რაც შეეხება ნდობის რეიტინგს, ომის განმავლობაში ის 78%-ს ორჯერ ჩამოსცდა.
2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთარში, მობილიზაციის დროს და შემდეგში პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ. 2023 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე, სოციოლოგიური კვლევით, პუტინის ნდობის რეიტინგი 76.7%-ს შეადგენდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან ს კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან “სანიტარული ზონის” შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.
წყარო: ტაბულა