კურსკის ოლქის – სადაც უკვე სამ თვეზე მეტია, უკრაინელი სამხედროები არიან – სოფელ ოლგოვკას მცხოვრებლები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავენ, იტყობინება „მედუზა“.
გამოცემის ცნობით, ისინი აგვისტოდან მოყოლებული საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ისინი პუტინს „ამ დაწყევლილი ომის დასრულებას“ სთხოვენ. რუსეთში არაერთი ადამიანი გაასამართლეს იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მონათლულ ომს სწორედ რომ ომი უწოდეს.
ჩაწერილ ვიდეომიმართვაში 40 ადამიანზე მეტი იყო. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელთა იერიშის დაწყების შემდეგ ყველაფერი დაკარგეს და საცხოვრებელი არ აქვთ, ხოლო ხელისუფლების გაცემული კომპენსაცია საკმარისი არ არის.
მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ სოფელი „საშინელებათა ფილმს“ დაემსგავსა, ხოლო მის აღდგენას, სულ მცირე, ხუთი წელი დასჭირდება.
„უკვე სამი თვეა ჯოჯოხეთში ვართ, ვის მივმართოთ, სად ვნახოთ შველა. გთხოვთ, დაასრულოთ ეს დაწყევლილი ომი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე წაიღო. გაერკვიეთ ამ სიტუაციაში და გაიგონეთ საზღვრისპირეთის მცხოვრებელთა ხმა. ჩვენი ნებით კი არ ვითმენთ ამ ყველაფერს“, – მიმართავენ ოლგოვკელები პუტინს.