“ლელო – ძლიერი” საქართველოს გენერალური მდივანი, ამავე პარტიისა და “გახარია – საქართველოსთვის” საერთო კანდიდატი თბილისი მერის არჩევნებში, ირაკლი კუპრაძე “ქართულ ოცნებას” თანაპარტიელებზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, კუპრაძემ და პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა წარადგინეს აუდიოჩანაწერი, სადაც მათი თქმით, ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი კარა ორუჯოვი მისი მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს.
“მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის… იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს… ის (ძმის შვილი) მუშაობდა მაგათთან. ჩემი ნათესავი (ძმის შვილი) მაგათთან სპორტ დარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 000 ლარის, 100 000 მეტის იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის. გეფიცები. მერე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს ყველგან იმუშავებ, სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო… მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ… და ამის მერე გამაკეთებინეს განცხადება”, – ისმის ჩანაწერში, რომელიც კუპრაძემ და დათუნაშვილმა წარადგინეს.
კუპრაძე ირწმუნება, რომ პარტიის მაჟორიტარობისა თუ მერობის კანდიდატებმა, რომლებმაც ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურა, ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის ფონზე მიიღეს.
“ეს ყველაფერი კიდევე ერთი დასტურია იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია ჩვენი, ჩვენი მონაწილეობის [არჩევნებში]. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ სჭირდება ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
რამდენიმე დღის წინ, ასაფ ჩირაგოვმა, რომელიც „ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი იყო, „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ამის შემდეგ, იგივე გააკეთეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოსა და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.
