კურორტ საირმეს თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდი დეკემბერი აქვს, ანალოგიური სიტუაციაა ბაკურიანშიც – Ka Group

სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ტურისტული ჯავშნები რეგიონებშიც უქმდება.
კომპანია “კა ჯგუფში“, რომელიც თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მართავს, აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ზამთრის კურორტებიდან ყველაზე ნეგატიურად საირმესა და ბაკურიანზე აისახა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ BMG-ის განუცხადა, აქტიურად უქმდება კორპორაციული ღონისძიებები, ასევე ტურისტული ჯავშნები მეზობელი ქვეყნებიდან.
„კურორტი საირმე ქართველი დამსვენებლებით გამოირჩევა ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილი ახლა აქციებზე დგას ან მოგზაურობისგან თავს იკავებს, მას ძალიან დიდი დოზით დაეტყო. კურორტ საირმეს თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდი დეკემბერი აქვს, ანალოგიური სიტუაციაა ბაკურიანშიც. საირმის შემთხვევაში ჯავშნების 70% გაუქმებულია. ბაკურიანის შემთხვევაში კი დამოკიდებული ვიყავით იმაზე, როდის გაიხსნებოდა სეზონი, თუმცა ვიდრე სეზონი გაიხსნა, იქამდე დაიწყო ეს აქციები და შესაბამისად, ჯავშნები არც კი გაკეთებულა. ჯავშნების გაუქმება ფიქსირდება როგორც ქართველი დამსვენებლებისგან, ასევე მეზობელი ქვეყნებისგან, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. ზოგადად, დეკემბერი-იანვრის პერიოდი კორპორაციული ღონისძიებებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ამ ეტაპზე კი ყველა მსხვილი ორგანიზაციის, ასევე მცირე ბიზნესის ნაწილის მხრიდან ყველა ღონისძიება გაუქმებულია.
რაც შეეხება გუდაურს, აქ კლება ნაკლებად ფიქსირდება. ტურისტულმა კომპანიებმა პაკეტები შეცვალეს და თუ 1-2 დღე თბილისში გაჩერება ჰქონდათ გათვალისწინებული, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დედაქალაქი საერთოდ ამოიღეს და ტურისტები პირდაპირ კურორტზე მოჰყავთ. ამიტომ გუდაურს შედარებით უკეთესი რიცხვები აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
“კა ჯგუფში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო მოგზაურებში საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღარ მიიჩნევა.
„2023 წელს ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა ვიყავით, გამოფენა ძალიან კარგად დავიწყეთ. თუმცა იმ საღამოს ე.წ. აგენტების კანონი შემოვიდა და მეორე დღიდან შეხვედრების გაუქმებები დაიწყო. იქ ყველა პარტნიორმა დაგვიფიქსირა, რომ როგორც კი თქვენთან სიტუაცია დალაგდება, კვლავ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ვიყავით შეხვედრაზე და იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო. გვეუბნებიან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი მათთვის საინტერესოა, თუმცა უსაფრთხოება ნომერ პირველია და ამ ეტაპზე თავს ცოტა ხნით შევიკავებთ, ესაა მათი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.