„კურორტ გოდერძიზე არ არის გზა, აფთიაქი, ბანკომატი, ამიტომ სტუმრების რაოდენობა განახევრდა“ – „ალიანს ვილა“

„გეტყვით პირდაპირ, როცა ბანკი არაა, ბანკომატი არაა, გზა არაა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, კურორტზე ხალხი არ ამოდის“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ალიანს ვილას“ გენერალურმა მენეჯერმა თედო ვერძაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემების გამო ტურისტების რაოდენობა განახევრდა და ისინი გოდერძიზე ამოსვლას, ბაკურიანში და გუდაურში წასვლას არჩევენ.
„გეტყვით პირდაპირ, როცა ინფრასტრუქტურა არაა, აფთიაქი არაა, ბანკი არაა, ბანკომატი არაა, ხალხი გოდერძიზე არ ამოდის. ხულოში უწევთ ჩასვლა, რომ ელემენტარულად ფული გამოიტანონ, ან ბარათზე ჩარიცხონ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ ზოგს აწყობს, რომ ბაკურიანი და გუდაური იყოს აქტიური და ძირითადი ნაკადი კიდევაც იქით მიდის. თუმცა, გინდა შარშან, გინდ წელს ჩვენთან უკეთესი თოვლია,“ – ამბობს თედო ვერძაძე.
კურორტ გოდერძიზე სასტუმრო „ალიანს ვილამ“ მესამე სეზონი 2023 წლის ნოემბრის ბოლოს გახსნა და როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, იანვრის ბოლომდე კარგი დატვირთულობა ჰქონდათ, შემდეგ კი სტუმრების ნაკადმა იკლო.
„სეზონი გავხსენით ნოემბრის ბოლოს. პირველი სტუმარი 26 რიცხვში მივიღეთ. დეკემბრიდან დაწყებული, ძველით ახალ წლამდე კარგად ვიყავით დატვირთულები, შემდეგ ასე თუ ისე დაახლოებით 60%-ით იყოს სასტუმრო შევსებული. იანვრის მიწურულიდან თებერვლის დასაწყისამდე მიმკვდარი იყო სტუმრების ნაკადი და ახლა 7-8 რიცხვიდან ველოდებით დატვირთვას. დღეისათვის 22-დან მხოლოდ 1 ნომერია დაკავებული, რაც პროცენტულად 4%“, – ამბობს თედო ვერძაძე.
მისი თქმით, კურორტზე ბევრი გამოწვევაა, მთავარი მაინც გზის პრობლემაა. სტუმრები საკუთარი ავტომობილებით ვერ ახერხებენ ამოსვლას და სასტუმროს ადმინისტრაციას თოვლმავლების დაქირავება უწევთ. მიუხედავად ამისა, გასულ წელთან შედარებით, სტუმრების ნაკადის, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების კლებაა.
„წინა წელს, სტუმრებს ბევრად დიდი ნაკადი იყო, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ. მთავარი ხარვეზი და პრობლემა არის ის, რომ ინფრასტრუქტურა, გზა არის მოსაწესრიგებელი. თუნდაც ს მხრიდან 20 კმ შედარებით კარგი გზაა, 4 სოფელში 4 ტრაქტორია განთავსებული და გზა იწმინდება. თუმცა, პერიოდულად გზა იყიდება და ტრაქტორი ვერ შველის საქმეს და მეტი ყურადღება უნდა. რაც შეეხება ადიგენის მხრიდან, მანდ 24 კმ საერთოდ არაა დაგებული გზა და თოვლმავლების დაჯავშნა გვიწევს სტუმრებისთვის. ყველას თავისი მანქანით უნდა შეეძლოს ამოსვლა და ესეც აფერხებს დატვირთულობას“, – ამბობს თედო ვერძაძე.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, „ალიანს ვილას“ ყოფილი გენერალური მენეჯერი თამარ გამარჯობაშვილი საუბრობდა, ჯერ იყო ნათქვამი, რომ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერე – 2023 წელს და ახლა უკვე 2024 წელს გადაიწია დედლაინმა. თუმცა, თედო ვერძაძე აცხადებს, რომ გზის მოწესრიგების სამუშაოებმა კიდევ ერთი წლით გადავადდა.
„იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და დაგვპირდნენ. რომ მომავალი სეზონისთვის გზა უნდა გაკეთდეს. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ სამომავლოდ იქნება გზა მოწესრიგებული, რადგან ყველაზე პერსპექტიული ზამთრის კურორტია, ყველაზე ადრე მოდის თოვლი და ყველაზე გვიან დნება, შესაბამისად, ჩამოსულებს შეუძლიათ ისრიალონ ყველაზე დიდხანს და დაკმაყოფილდეს ზამთრის კურორტის მომსახურებით. მთავარია, რომ ინფრასტრუქტურა იმ დონეზე მოწესრიგდეს, რომ კურორტის სწრაფი განვითარება გამოიწვიოს“, – აცხადებს თედო ვერძაძე.
მისი თქმით უცხოელი ტურისტების კლების მიზეზი, სწორედ ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. რაც შეეხება ფასებს, ინფლაციიდან გამომდინარე მინიმალურად მოუწიათ ფასების კორექტირება. თებერვლის თვეში სასტუმროში საშუალო ფასი 200-250 ლარია.
„შარშანდელ ფასებთან შედარებით დიდი ზრდა არაა. ინფლაციამ, პროდუქტების გაძვირებამ მინიმალური გავლენა იქონია. ფაქტობრივად ისეთივე ფასებია, რაც შარშან იყო. თებერვალში, როცა სასტუმრომდე მოსასვლელი გზა არაა, ვცდილობთ, რომ ფასები დავაკლოთ. საშუალო სტანდარტული ფასი 200-250 ლარია“, – ამბობს თედო ვერძაძე.

ასევე დაგაინტერესებთ