კურორტი გოდერძი ბათუმთან ერთად ძალიან მალე ყველას გააოცებს, როგორც ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო მიმართულება – თორნიკე რიჟვაძე

კურორტი გოდერძი, რომელიც ნამდვილად სწრაფად და დინამიკურად ვითარდება, ბათუმთან ერთად ძალიან მალე ყველას გააოცებს, როგორც ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო მიმართულება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან სა და მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შედეგები უკვე სახეზეა. ბოლო წელს აჭარის ბიუჯეტი 23 %-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ მეტი საქმე გავაკეთოთ. უკვე მესამე წელია, რეგიონისა და ასევე ქვეყნის დონეზე, ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავი გვაქვს. მთლიანად რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეები ვართ, როგორც საქართველო ასევე ცალკე აღებული აჭარა. ის პროცესები, ეკონომიკური დინამიკა, რაც ბათუმშია, რა თქმა უნდა, მოწყვეტილად არ განიხილება ცენტრალური ხელისუფლებისა და მთავრობისგან, რომელიც ატარებს იმ ძირითად რეფორმებს – საგადასახადო შეღავათები, ასევე ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ჩვენი ხელისუფლების, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის განმავლობაში, რათა ბიზნეს ჰქონდეს საქმის კეთების თავისუფლება. სწორედ ისინი ასტიმულირებენ ეკონომიკას. შემდეგ სახელმწიფო თავისი ეკონომიკური პოლიტიკითა და რეფორმებით ხელს უწყობს, რომ ეს განვითარება გრძელვადიანი, მდგრადი იყოს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
მან ასევე აჭარის მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების პოტენციალზეც ისაუბრა. რიჟვაძის თქმით, მაღალმთიან აჭარის განვითარება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა.
„ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ტურისტული ნაკადების ზრდა ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის ზრდა, რომელიც სამიზნედ არის დასახული, ვერ იქნება მიღწეული, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორც ახალი გზების, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. შესაბამისად, ამ კომპლექსური ღონისძიებებით შესაძლებელი იქნება, რომ მაღალმთიან აჭარაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვყავდეს, მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი შემოსავლები გაუჩნდეს. კურორტი გოდერძი, რომელიც ნამდვილად სწრაფად და დინამიკურად ვითარდება, ბათუმთან ერთად ძალიან მალე ყველას გააოცებს, როგორც ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო მიმართულება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.