“კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაციის” დირექტორის შეფასებით, საქართველოში მოქმედი 68 კურორტისთვის მთავარი გამოწვევა დღეს ცნობადობის ნაკლებობაა. რედაქტ2-თან ინტერვიუში ნათია თევზაძე ამბობს, რომ ექიმები არ ურჩევენ პაციენტებს კურორტების სერვისებით სარგებლობას, სამკურნალო თვისებებით მდიდარი ბუნებრივი რესურსების პოპულარიზაცია კი არ ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
დარგს ჯერ კიდევ არ აქვს 2025-2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზედაც კურორტების განვითარების სააგენტომ დაიწყო მუშაობა და რომელსაც ADB აფინანსებდა. დარგის სამომავლო განვითარების ხედვასთან ერთად კერძო სექტორი მარეგულირებელ ახალ კანონმდებლობასაც ელის, რომელიც მათი ინფორმაციით, დღის შუქზე სექტემბერში გამოვა.
“გამოწვევა გვაქვს უამრავი, იმიტომ რომ ტრადიცია კურორტის მუშაობის თითქოს მინავლებული და დაკარგულია, დაკარგულია კადრები, დაკარგულია ინფრასტრუქტურა, დაკარგულია მომხმარებლის ქცევა. ძალიან ბევრ ექიმს ვესაუბრეთ და სულ ვეკითხებით, რატომ არ ურჩევთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ წაიყვანონ თუნდაც ბავშვები ან მოზრდილები კურორტებზე, ეს ცოდნა არის გასაახლებელი.
ვთანამშრომლობთ კურორტების სააგენტოსთან, მაგრამ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ვიცოდეთ შიგნით პროცესები როგორ მიმდინარეობს. ვიცით მხოლოდ შედეგი. შედგი არის ის, რომ სექტემბერში ველოდებით კანონს, ხოლო მომავალ წელს სტრატეგიულ დოკუმენტზე უნდა დასრულდეს მუშაობა. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ორ დოკუმენტს.
ეს არის “კურორტების განვითარების შესახებ” კანონი და ეს არის კურორტების განვითარების სტრატეგია, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტიანია სივრცითი დაგეგმარებიდან დაწყებული მომხმარებლის ქცევით დამთავრებული.
დღეს, კურორტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან 14-ზე მეტი რეგულაციის დაკმაყოფილება უწევთ. ეს აისახება ფასზე, ხოლო ეს ფასი შემდეგ ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი ბაზრისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა და ვერც გააიაფებ, რადგან ვალდებულება გაქვს, რომ ეს რეგულაცია შეასრულო. ჯანდაცვის რეგულაციები ცალკეა, შრომის უსაფრთხოების ცალკეა, სახანძრო ცალკეა. ახალი დოკუმენტი დაარეგულირებს ბევრ რამეს. მათ შორის ძალიან გვიჭირს ტურისტული ბაზრის გარღვევა”,- აცხადებს ნათია თევზაძე.
მისი თქმით, საკურორტო სერვისების ხელმისაწვდომის გაზრდაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო, ასევე სადაზღვევო სექტორი, მოსახლეობის ქცევის შეცვლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სამედიცინო პერსონალსაც.
“ჩვენ მივმართეთ სადაზღვევო კომპანიებს და ენთუზიაზმით ამ წინადადებას ისინი არ შეხვედრიან, დათვლაც არ დაუწყიათ. სპა და ველნეს სერვისებს კომპანია არ აზღვევს. ტრადიცია არ არსებობს სადაზღვევო კომპანიებში მსგავსი პროდუქტები ჰქონდეთ სადაზღვევო პაკეტში.
ვმუშაობთ და ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომი კურორტებზე სერვისები ადგილობრივ მოსახლეობისთვის. უნდა შეიცვალოს მომხმარებლის ქცევაც და ამაში ალბათ ოჯახის ექიმები უნდა დაგვეხმარონ. პირდაპირ მეუბნებიან, რომ ოჯახის ექიმებს არ აქვთ ცოდნა და პრაქტიკაში აღარ არის დანერგილი მითითება იმის, რომ სასარგებლო იქნება თუ წიწვის ყვავილობისას ახვალ ჩუმათელეთში. დაკარგულია ეს ტრადიცია”,- აცხადებს ნათია თევზაძე.
მისი თქმით, საქართველოში არსებულ კურორტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძირითადად ყაზახები სტუმრობენ, რომლებიც იქ 10-14 დღით რჩებიან. მეორე და მესამე პოზიციებს კი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ვიზიტორები ინაწილებენ.
