კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა, იარაღით დაჭრა – პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში გლოვოს კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.
მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.” – წერს პროკურატურა.
6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კურიერმა მისამართზე შეკვეთა მიიტანა.
8 ივლისს, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, რომ გლოვოს კურიერს, თემო სიგუას, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, როდის დატოვებს იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას.