“კურიერი P.S.-მა” კოსტა სანიკიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულის ვინაობა გაარკვია

“კურიერი P.S.-მა” გაარკვია, თუ ვინ სცადა კოსტა სანიკიძის მკვლელობა – განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 24 წლის გიორგი გველესიანია დაკავებული. კოსტა სანიკიძე, ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 5 ჭრილობა – ერთი კი ყველაზე საშიში, რომელმაც ფილტვი დაუზიანა.
გიორგი გველესიანი “რუსთავი 2 ის” რეალითი შოუს, “პრაიმჰაუსის” ფინალისტს – კოსტა სანიკიძეს გამთენიისას, დილის 7 საათზე იმ დროს დაესხა თავს, როცა ის საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სანიკიძის დაცვას დედა შეეცადა, თუმცა თავდამსხმელმა ცივი იარაღით 5 ჭრილობის მიყენება მაინც შეძლო. შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიციის მისვლამდე, მეზობლებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს.
სამართალდამცველები ახლა ელოდებიან როდის შეძლებს კოსტა სანიკიძე საუბარს იმისთვის, რომ ჩვენება მისცეს. ახლა მთავარი კითხვაა – რა მოტივი ამოძრავებდა გველესიანს თავდასხმისას?
“ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, საშიშროება აღარ ემუქრება და რა ვიცი, გადავრჩით. დილის 7 საათზე ეს ადამიანი მივიდა კოსტასთან სახლში, კოსტამ გაუღო კარი, იქ რაღაც შელაპარაკება მოხდა და ამასობაში, თურმე, დანით 5 ჭრილობა მიაყენა. თან წარმოიდგინეთ, კოსტას დედა ხედავდა ამ ყველაფერს. მერე ისე მოხდა, რომ გაითიშა კოსტა და დაეცა. გიორგი გველესიანი საერთოდ არ ვიცი. ისიც ვიცი კოსტასგან, რომ არ იცის თვითონ ეს ბიჭი ვინ არის, რატომ ეძებს,” – აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი ლენუკა ყიფშიძე.
კოსტა სანიკიძის კიდევ ერთი მეგობარი, მერსი სულხანიშვილი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დაზარალებულზე თავდასხმა 2 კვირის წინაც სცადა.
“მეხუთე ჭრილობა, სამწუხაროდ, იყო ფილტვის მიდამოში, თუმცა საბედნიეროდ გადავრჩით. დაკავებულია 25-დან 26 წლამდე ახალგაზრდა გიორგი გველესიანი და ველოდებით გამოძიება რა შედეგს დადებს. კოსტას მეზობელი აღმოჩნდა საბედნიეროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და მან მოახერხა ამ პიროვნების ცხელ კვალზე დაკავება. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კოსტაზე თავდასხმის მცდელობა, თუმცა მაშინ მისამართი აერია ამ პიროვნებას, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება იქნებოდა მაშინაც,”- აცხადებს მერსი სულხანიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე