კურიერებმა ფინანსთა სამინისტროში “ვოლტის” და “გლოვოს” წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს – მოთხოვნები

თბილისში რამდენიმე საკურიერო კომპანიაში დასაქმებული კურიერების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს „ვოლტისა“ და „გლოვოს“ წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრით მიმართა. პარალელურად, პროტესტის ნიშნად, კურიერები ქალაქში მსვლელობას მართავენ.
როგორც ერთ-ერთმა კურიერმა ბექა კობრიაშვილმა BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, მათ მოთხოვნაა, რომ საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კომპანიების ოფისებში შევიდეს და მათი საქმიანობის კანონიერება გადაამოწმოს.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის ან იგნორირებას გაუკეთებს, კურიერები მზად არიან სხვა ზომებსაც მიმართონ.
„თუ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგა, სხვა გეგმაზე გადავდივართ. ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმის დამუშავება მიმდინარეობს“, – აცხადებს ბექა კობრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საკურიერო სექტორში დასაქმებულთა უკმაყოფილება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. კობრიაშვილი ამბობს, რომ უცხოელი კურიერების მასობრივი დასაქმება ქართულ ბაზარზე ადგილობრივებს სამუშაოს აკარგვინებს. ამასთან, მისივე თქმით, “უკონტროლო დასაქმებამ ანაზღაურების ტარიფებიც მნიშვნელოვნად შეამცირა”.