კურასაო ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იამაიკასთან ფრის (0:0) შემდეგ, კურასაო ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
კარიბის ზღვის აუზის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა 156 115 ადამიანია, საერთო ფართობი კი – 444 კმ². შესარჩევი ეტაპის B ჯგუფი კურასაომ წაუგებლად გაირა და 12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
კურასაომ ასევე გააუმჯობესა ისლანდიის შედეგი – 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ისლანდიის მოსახლეობა, დაახლოებით, 350 000 ადამიანს შეადგენდა.
კურასაოს ნაკრების მწვრთნელი გამოცდილი ნიდერლანდელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდება, მუნდიალის დროს ის 78 წლის იქნება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირის საგზური უკვე მოიპოვა 42-მა ქვეყანამ.




