კუპრაძე: როცა ჩირაგოვზე მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა, შემდეგ ჩაერთო უფრო მძიმე წნეხი

ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ასეფ ჩირაგოვის მიმართ “მძიმე წნეხი” გამოიყენეს.
“გუშინ, პროპაგანდისტულმა ქართულმა ოცნებამ, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა პროპაგანდაზე დგას, სიახლე გამოაქვეყნა, თითქოს, ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ასეფ ჩირაგოვი წლების განმავლობაში იყო ჩვენი პარტიის, ლელოს წევრი, ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში.
4 დღის წინ, ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ იყო და სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული.
მას ქართული ოცნება რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ ქართული ოცნება სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა.
ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა, უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა.
ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე, მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუს-ი, ს ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაძრწის და ცდილობს ჩვენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიაში და საქმიანობაში”, – თქვა კუპრაძემ ბრიფინგზე.
გუშინ, 22 სექტემბერს ლელოს კანდიდატმა თავისი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.