“არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა” – ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ენმ-ს დეპუტატს, თინა ბოკუჩავას პასუხობს.
“დიდი პატივისცემით, მაგრამ ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია.
ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა.
კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა – სინამდვილეში ,,ერთიანი სია”, არ არის გამარჯვების ფორმულა.
არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა.
დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი ,,ვიცი, ყურში მითხრეს” მიდგომა!
არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიომიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე” – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა პარტია ლელო-ს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთიანი სიის არ სჯერა და ლელო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან სიაში არ იქნება
ბოკუჩავას თქმით, პარტია ლელო-ს შიდა კვლევებიც ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთი სიით გაერთიანება ივანიშვილის ხელისუფლებას დაამარცხებს
“სამწუხაროდ, გულწრფელად უნდა ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ ლიდერებთან და მუდმივად არის ჩვენ შორის საუბრები, კონსულტაციები, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ ლელოს ლიდერით, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ის ვერ ხედავს ერთიანი სიის პერსპექტივას [ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად].
დღეს ნამდვილად არ არის, რაღაც წითელი ხაზების გავლების დრო – გარდა იმ წითელი ხაზისა, რაც ივანიშვილმა თავად გაავლო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
კითხვაც მექნებოდა ალბათ ლელოს ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან იმასთან დაკავშირებით, რომ […] მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, ერთიანი სია, რომელშიც შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს.
ენმ ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ მოცემულობაში ერთიანი სიის მომხრე, ერთიანი სია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იმარჯვებს. ამგვარი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ამგვარი სია იღებს უმრავლესობას და ამას აჩვენებს, მათ შორის, კვლევები
სწორედ ამ ორობით არჩევანში, ერთის მხრივ სადაც არჩევანი არის ივანიშვილის პარტია და მეორეს მხრივ, გაერთიანებული ოპოზიცია – გაერთიანებული ოპოზიცია იგებს არჩევნებს, ეს აქვს თავად ლელოს შიდა კვლევაში ასახული”. – თქვა ბოკუჩავამ