ანტიკორუფციული ბიურო 87 ათას 845 ლარის საოფისე ავეჯს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდის. ბიუროს განმარტებით, ქონების შეძენა განაპირობა შენობის იჯარით აღებამ, რომელიც ბიუროს ინვენტარის გარეშე გადაეცა.
ქონება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარით აქვს სარგებლობაში, თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის N4-ში მდებარეობს და მისი საბოლოო მესაკუთრე ოფშორში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიაა.
ბიუროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, იჯარით აღებული ქონების მესაკუთრეა შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.
„ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, „სოლო-ლაკი ინვესტორს“-ის მესაკუთრეა შპს „ტიფლის სითი [ჯი-აი-ჯი ჯგუფი]“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე კი არის შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“, ს/ნ 66004896, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
ანტიკორუფციულ ბიუროს ქონება ოთხწლიანი იჯარით აქვს აღებული [2029 წლის ივნისამდე].
წყარო: ბათუმელები
