კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ინგლისურენოვანი მრავალტომეული თარგმანების – Georgian Classics, პირველი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს ქართული სამეცნიერო-ლიტერატურული სერიის – „ქართული კულტურა და ეროვნული იდენტობა (Georgian Classics)“ – ინგლისურ ენაზე თარგმნა. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „კინოცენტრი ქართული ფილმი-აფხაზეთი“ გელა კანდელაკის თაოსნობით. სამი ავტორის თარგმანების პრეზენტაციას მწერალთა სახლმა უმასპინძლა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი , რეჟისორი გელა კანდელაკი, ისტორიკოსი გურამ კუტალაძე, მთარგმნელები, რედაქტორები და, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
წარმოადგინეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ზურაბ კიკნაძის („ქართული მითოლოგია“, I და II ტომი), გიორგი მელიქიშვილისა („К истории древней Грузии“) და არნოლდ ჩიქობავას („იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“) მონოგრაფიები, რომლებიც საკუთარი ხარჯით გამოსცა ამერიკულმა გამომცემლობა Nova Science Publisher-მა. გამომცემლობა გაავრცელებს მათ მსოფლიოს წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებსა და ბიბლიოთეკებში.
კულტურის სამინისტრო „კინოცენტრ ქართული ფილმი-აფხაზეთთან“ ერთად თანამშრომლობს გამომცემლობა Nova Science Publisher-თან. ამ კომპანიას 2019 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის შემუშავებული მთარგმნელობითი პროგრამის – „ქართული ლიტერატურის თარგმანები“ – ფარგლებში გამოცემული აქვს მიხაკო წერეთლის ყველაზე ცნობილი ნაშრომი „ერი და კაცობრიობა“ (1910 წ). აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა Nova Science Publisher-ის მიერ გამოცემული თარგმნილი წიგნები ავტომატურად ხვდება კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ამჟამად მიმდინარეობს სამინისტროს ხელშეწყობით თარგმნილი მომდევნო წიგნების გამოცემა: კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I (ორ წიგნად); Г. Н. Чубинашвили, Памятники типа Джвари.
ამასთან, 2024 წლისთვის სათარგმნად უკვე შერჩეული და მომზადებულია: კორნელი კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტომი II; ივანე ჯავახიშვილის „ქართული სამართლის ისტორია“, წიგნი I; მიხეილ თარხნიშვილის „საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მე-7 საუკუნის დასასრულამდე“.
„კინოცენტრი ქართული ფილმი-აფხაზეთი“ აგრძელებს სამეცნიერო წრეებთან კომუნიკაციას სათარგმნად სასურველი წიგნების შესარჩევად.
პროექტის მიზანია ინგლისურენოვანი თარგმანების საშუალებით ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული იდენტობის შესახებ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემის ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურის პოპულარიზაცია და საქართველოს მიმართ მსოფლიო საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების ინტერესის გაღვივება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, ქართველ მეცნიერთა ნაშრომების გამოყენებას საერთაშორისო სამეცნიერო წრეების საქმიანობაში, ქვეყნის მიმართ ინტერესის გაზრდას; წაახალისებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტების ინიცირება-განხორციელებას. აგრეთვე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლობების დაინტერესებასა და ქართველ მეცნიერთა ნაშრომების წიგნის საერთაშორისო ბაზარზე გავრცელებას, რაც უცხოელ მკითხველს საშუალებას მისცემს, გაეცნოს საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საინტერესო და მრავალფეროვან ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში