კულსი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი, მარკ კულსი საქართველოში მთავრობის მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლასა და წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იგი წუხილს გამოთქვამს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება მნიშვნელოვნად აფერხებს “ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის შესაძლებლობას”.
“მე ვსაუბრობ რვა ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს. ვწუხვარ, რომ ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პირობები ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული. კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს ამ პირობების შესრულება”, – ამბობს კულსი.
იგი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი “მთავრობის ყველა დონეზე”, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან
„2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განაახლოს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან – მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან – პოლარიზაციის შესამცირებლად, პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად და ოპოზიციის ჩართულობის უფლებების დასარეგულირებლად. ეს აუცილებელია 2025 წლის ადგილობრივი ს წინ დემოკრატიული გარემოს პირობების აღსადგენად.
დღეს, კონგრესის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, რათა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობები, როგორც ეს მოთხოვნილია კონგრესის რეკომენდაციაში 476(2022) ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების უფლებების შესახებ”, – წერია განცხადებაში.