კულება ჩინეთში ამბობს, რომ უკრაინა ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში იმყოფება. ქალაქ გუანჯოში უკრაინის პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგა ვანგ იის. მედიის ინფორმაციით, კულებამ ჩინელ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღიაა რუსეთთან საუბრისთვის, თუ მოსკოვი არის მზად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის, რომლის საფუძველსაც, კულებას თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
შეხვედრა უკრაინისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამ საათს გაგრძელდა და როგორც „სააგენტო“ როიტერი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობთ წერს, შეხვედრა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. „ეს იყო ძალიან ღრმა და კონკრეტული საუბარი“, – ამბობს უკრაინული დელეგაციის წევრი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
„კულებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ [კიევი] მზად არის ჩართოს რუსული მხარე მოლაპარაკებების პროცესში გარკვეულ ეტაპზე, როდესაც მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა ამჟამად არ შეინიშნება“, – წერია განცხადებაში რომელიც უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტრომ ჩინელ და უკრაინელ პირველ დიპლომატებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ოფიციალური პეკინის პოზიცია ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა გამოაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ პეკინი მხარს უჭერ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპრაკებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ პირობები ჯერ არ არის მომწიფებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და მზად ვართ გავაგრძელოთ კონკრეტული როლის თამაში ცეცხლი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაში“, – ამბობს ნინგი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ასევე აცხადებს, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს დიპლომატებს შორის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი კავშირების დამყარებისა და გრძელვადიანი ხედვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. მაო ნინგის თქმით პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით და ჩინეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააგრძელებს. აქვე ის განმარტავს, რომ ჩინეთი „უკრაინიდან სურსათის იმპორტის გაზრდას განაგრძობს“.
ჩინეთში ეს უკრაინელი მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.