უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუკი სამიტზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები მის ქვეყანას მწვანე შუქს არ აუნთებენ კავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ამას „დამანგრეველი“ შედეგები მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის.
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს და პარასკევს მართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას. სამიტის დღის წესრიგშია უკრაინის წევრობა, ასევე მისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა და კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება.
„ყველა გადაწყვეტილების დედა, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გადაწყვეტილება წევრობაზე მოლაპარაკებების შესახებ“, – თქვა კულებამ ბრიუსელში, სადაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„ვერ წარმოვიდგენ, არც მინდა ვილაპარაკო იმ დამანგრეველ შედეგებზე, რაც მოხდება, თუკი [ევროპული] საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, – დასძინა მან.
ევროპისგან ახალი დახმარების მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იზრდება ეჭვები კიევის მიმართ აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის თაობაზე, წერს Reuters-ი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 დეკემბერს ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, პირობა დადო, რომ დეკემბრის სამიტზე ვეტოს დაადებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენასა და კავშირის წევრობის თაობაზე მასთან მოლაპარაკებების დაწყებას.