უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტო კულებამ პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პარტნიორობა “მარადიულია”, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც კონსტრუქციული დიალოგია საჭირო.
“უკრაინელი და პოლონელი ხალხი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან – ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთის აგრესიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო ინტერესია. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია.
განხილვა ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემური საკითხების გადაჭრის აუცილებლობით დავიწყეთ, ამ პრობლემის გადაჭრის სურვილი ორივე მხარეს აქვს. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონსტრუქციულად, რომ ვიპოვოთ დაბალანსებული და იურიდიულად დაფუძნებული გადაწყვეტილებები. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება პოლონელი მძღოლების მიერ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ბლოკადას და პოლონეთში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს”, – განაცხადა კულებამ.
სექტემბერში ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა – უკრაინა კი დათანხმდა, 30 დღის განმავლობაში სამართლებრივი ზომები მიეღო, რათა ბაზარზე მარცვლეულის უკონტროლო გაშვება თავიდან აეცილებინა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას გააგრძელებდნენ. მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დაასახელეს, რადგან მათი თქმით, უკრაინული მარცვლეულის დაბალი ფასის გამო ფერმერები შეშფოთებას გამოხატავდნენ.
მოგვიანებით პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ “პოლონელები აღარასდროს შეურაცხყოს”. მორავიეცკის ეს კომენტარი მიემართებოდა მარცვლეულის საკითხზე ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებას, რა დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულზე ზოგიერთი მათი მეზობელი “პოლიტიკურ თეატრს” დგამს.
დეკემბერში, პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პოლონეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ მხრივ დასავლეთის მობილიზება. მისი თქმით, მხოლოდ ერთიან დასავლეთ შეუძლია, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ომში გაიმარჯვოს.