“კულა” ბიო წარმოების განვითარებაში €3 მილიონის ინვესტიციას დებს – კომპანიის გეგმები

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია „კულამ“ დაბა აგარაში მდებარე „ჰიპის“ ქარხანა შეიძინა. როგორც კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ევრო იქნება. ქარხნის სრულად გადაიარაღებას წლის ბოლომდე ანონსდება, რის შემდეგაც „კულა“ ბიო წარმოების გაზრდას გეგმავს.
„აპრილის ბოლოს ჩვენ “ჰიპის” ქარხანა შევიძინეთ, რომელიც დაბა აგარაში მდებარეობდა. 1,5 მლნ-ის ინვესტიცია უკვე განხორციელდა და ახლა შვეიცარიულ კომპანიებთან მათი დანადგარების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ალბათ, აგვისტოს ბოლოსთვის უკვე გვექნება და შევეცდებით წელს გავუშვათ წარმოება თუ არადა 2026-ში სრულად ავამოქმედებთ. ეს იქნება სრულად ევროსტანდარტების, ჯამური ინვესტიცია შეადგენს 3 მლნ ევროს.
წლევანდელი წელი ზოგადად ცუდად დაიწყო რადგან იყო ყინვები, რიგ ხილზე მაღალი კი არა ძალიან მაღალი ფასი დაფიქსირდა და ფიზიკურად არ იყო რომ შეგვეძინა ამიტომ ჩავარდნა გვქონდა. იმედს ვიქონიებ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ამას სხვა პროდუქტებით ამოვიღებთ“, – განაცხადა გოგლიძემ.
კომპანია „კულა“ ამ დროისთვის წარმოებული პროდუქციის ექსპორტს 30 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან ევროპის წილი თითქმის ნახევარია.
„ევროპის ბაზარი ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთლიანი პროდუქტის თითქმის ნახევარი ევროპაში გადის, ცალკე სეგმენტებად რომ ვთქვათ მაგალითად ვაშლის 85% გადის სწორედ ამ ბაზარზე იყიდება. ასევე გადის ამერიკაში, აზიაში, ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში. ექსპორტი გვაქვს ისრაელში, კორეაში, გავედით სინგაპურსა და ბანგლადეში, ბალტიისპირეთში ვართ, ჯამში 30 ქვეყანას მოიცავს კულას ექსპორტი რაც დივერსიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვანო გოგლიძემ.