„კულას“ პროდუქცია, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება

საკონსერვო წარმოება „კულას“ პროდუქცია წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომპანიის საექსპორტო ბაზრებს ალბანეთიც დაემატა.
„ამჟამად, დაახლოებით, 27 ქვეყანაში გაგვაქვს პროდუქცია და ექსპორტზე ჩვენი წარმოების 65% იყიდება. მუდმივად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე და ამ ეტაპზეც, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, რაზედაც მომავალში შევძლებ საუბარს“, – აცხადებს ვანო გოგლიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, “კულას” გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა.
„მზარდია მოთხოვნა. ივნისში ბაზარზე ჩვენი კომპოტებიც გამოჩნდა, რომელიც ქსელურ მარკეტებში და ექსპორტზე იყიდება. ამჟამად 4 სახეობის კომპოტი გვაქვს, რომლებიც 1-ლიტრიან ქილებშია. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მიმართულებამაც გაამართლა“, – აღნიშნა ვანო გოგლიძემ.
გარდა ამისა, ვანო გოგლიძემ დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, ბიო წვენების წარმოებასა და კალმახის კონსერვის წარმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე განხორციელდება.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება „კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად „კულას“ აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 27 ქვეყანაში გააქვს.
ბიზნესპარტნიორი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…