„კულამ“ წარმოების განვითარებისთვის €1 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო – რა გაკეთდა?

გორის საკონსერვო ქარხანამ, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე „კულას“ ბრენდით პოზიციონირებს წარმოების განვითარებისთვის 1 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დირექტორმა ივანე გოგლიძემ აღნიშნა, რომ ინვესტიციები წარმოების გადაიარაღებაზე მიიმართა, რაც „კულას“ წვენების საექსპორტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
„დაახლოებით 1 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა, დავაყენეთ შვეიცარიული ფირმის საწნეხი და წარმოების გაფილტვრის დანადგარი, რომელიც ახლად გამოწურულ წვენს ფილტრავს და შემდეგ იქიდან ვაწარმოებთ კონცენტრირებულ წვენს. ეს თავად ბაზარმა მოითხოვა, რადგან ჩვეულებრივი წვენების ბაზარი გაჯერებულია, ევროპაში კი ულტრა გაფილტრული წვენების ღირებულება 20-25%-ით მეტია.
წარმოების განვითარებამდე, ჩვენს გერმანელ პარტნიორებს ვკითხეთ – რომელი პროდუქტებით დაინტერესდებოდნენ და მათ გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გაფილტრული წვენების ხაზს განვავითარებდით, ისინი ამ წვენებს გარანტირებულად შეიძენდნენ“, – აღნიშნა ივანე გოგლიძემ.
განვითარების პროექტი სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით ისარგებლა. ივანე გოგლიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ულტრა ფილტრაციის აპარატი არავის აქვს.
„გაფილტრული წვენები საქართველოში გაიყიდება, რადგან ჩვენი წარმოებული წვენები საქართველოდან გადიოდა და ბაზარზე გაფილტრული წვენის სახით სხვა ბრენდირებით შემოდიოდა“, – აღნიშნა ივანე გოგლიძემ და დასძინა, რომ ახალი წლიდან ბაზარზე “კულას” ბიოპროდუქტიც გამოჩნდება, რომელიც კომპანიის ხილის ბაღებიდან მოწეული სერტიფიცირებული ბიოხილით დამზადდება.
„ბოთლი და ფორმა შემუშავებული გვაქვს. წარმადობა შედარებით ნაკლებია, თუმცა რადგან ორგანული პროდუქტია, ევროპაში როდესაც ამ პროდუქტით შედიხარ, ეს უფრო ძვირად ფასობს“, – ამბობს გოგლიძე.