“კრიტიკული აზრისთვის დევნა და შურისძიება” – ქარტია საზმაუს დისციპლინურ სანქციებზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას თანამშრომლებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ქარტია ვასილ ივანოვ ჩიქოვანის ადა ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება, ხოლო იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, კახაბერ მელიქიძისა და ირმა ჩუბინიძისთვის დისციპლინური სანქციების დაწესებას კრიტიკული აზრისთვის დევნად და კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებზე შურისძიებად აფასებს.
“გაუმჭვირვალე დისციპლინური მოკვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკული აზრის ჩასახშობად და თანამშრომლების დასაშინებლად გამოიყენა. მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადანაშაულა და პროკურატურას მათი ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილი უკვე თვეებია, პროტესტს გამოთქვამს ტელევიზიის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ აშკარად მიკერძოებული პოლიტიკის გატარებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის, მხრიდან. თანამშრომლები წუხდნენ იმის გამო, რომ პრო-ევროპულ აქციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა და ფაქტებს ჩქმალავდა და რომ ტელევიზიამ დროულად და სათანადოდ არ გააშუქა პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, მათივე თანამშრომელზე ძალადობის ფაქტი და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანამშრომელზე, ზვიად ქორიძეზე თავდასხმა”, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ქარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ს და დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს. ჟურნალისტთა გაერთიანება მათ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ამის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ტელევიზია გადააქცია პარტიულ ორგანოდ და დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების წყაროდ.
პროევროპული აქციების პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრაქტიკულად ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, და საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების მოთხოვნას ხმას უერთებდნენ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი”, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.