კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
“ევროპულ არჩევნებში კანდიდატი არ ვიქნები. მთელს ჩემს ძალისხმევას ამჟამინდელ მოვალეობებს მივუძღვნი… არ მინდა ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი მისიიდან ყურადღება გადაგვატანინოს, ამ ინსტიტუტსა და ჩვენს ევროპულ პროექტს ძირი გამოუთხაროს, ან ის გამოიყენონ ევროპული საბჭოს გასახლეჩად, რომელმაც, ჩემი აზრით, ევროპის ერთიანობისთვის დაუღალავად უნდა იმუშაოს”. – დაწერა მიშელმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მანვე თავისი პირვანდელი გადაწყვეტილების გამართლება სცადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობების პარალელურად შესაძლებლად მიაჩნდა, თუმცა კრიტიკამ აიძულა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო.
მიშელის თავდაპირველ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებდა, კრიტიკა მოჰყვა.
მის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ჩნდებოდა პერსპექტივა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი გამხდარიყო, მაშინ, როცა უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინის მხარდაჭერის ერთადერთი მოწინააღმდეგეა. ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა. ამასთან, ამ გადაწყვეტილების მთავარი ოპონენტიც ორბანი იყო.
ასევე, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ჩნდებოდა ინტერესთა კონფლიქტი. მიშელი ლიბერალური პარტიის სახელით აპირებდა კენჭისყრას, მაშინ, როცა ხელმძღვანელობს საბჭოს, რომელშიც ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან.