“კრიტიკისა და კონკურენტების გარეშე” – OSCE აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე

“არჩევნების მომზადებამდე არ არსებობდა პლურალიზმი, კრიტიკული ხმები კი მუდმივად ჩახშობილი იყო. შეკრების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის მრავალწლიანი შეზღუდვა კიდევ უფრო გაძლიერდა კანონმდებლობაში უკანასკნელი ცვლილებებით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს”, – ასე აფასებს OSCE -ს მისია საპრეზიდენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა.
ეუთოს განცხადებითვე, აზერბაიჯანმა არ გაითვალისწინა რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანდა ქვეყნის კანონმდელობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
“დანარჩენ ექვს კანდიდატს მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა არ გაუკრიტიკებია, ამიტომაც ამომრჩეველმა ვერ დაინახა რეალური ალტერნატივა. ამავე დროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიცია აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში შეზღუდულია მშვიდობიანი შეკრების უფლება”.
ამასთან, ეუთომ ყურადღება გაამახვილა მედიის შესახებ კანონმდებლობაზე, კრიტიკულად განწყობილი მედიაწარმომადგენლების უკანასკნელი დროის დაკავებებსა და კრიტიკული დებატების შეზღუდვაზე.
ამასთან, ორგანიზაციის მისიის განმარტებით, მან ისეთი სერიოზული დარღვევები დააფიქსირა უშუალოდ კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესებში, როგორიცაა ბიულეტენების მასობრივად ჩაყრა, განმეორებითი ხმის მიცემა და დარღვევები თავად ხმების დათვლისას.
საპრეზიდენტო არჩევნებს აზერბაიჯანში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 335 წარმომადგენელი ესწრებოდა 42 ქვეყნიდან.
წინასწარი შედეგებით, ალიევს ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.
არჩევნები აზერბაიჯანში თავად ალიევმა ვადაზე ადრე დანიშნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს მორიგი გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, ტაჯიკეთის, სერბეთის, თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა. 2003 წლიდანაა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მამამისი, ჰეიდარ ალიევი ჩაანაცვლა. უმცროსი ალიევის მმართველობისას, აზერბაიჯანში იდევნებიან ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.