“კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად არასწორად მიდიოდა მთელი ეს პროცესი” – თანდაშვილი ტურიზმის კანონზე

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი, თამარ თანდაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურიზმის ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრობს და ამბობს, რომ მასზე მუშაობა ძალიან დიდი გამოწვევა იყო მათთვის.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოზე მუშაობისას გამოიკვეთა კომპეტენციის პრობლემები. თანდაშვილი დასძენს, რომ თარგმანიდან დაწყებული ტექნიკური ნაწილი იმდენად გაუმართავი იყო, რომ მეორად კანონმდებლობაზე რომ დაიწყეს მუშაობა, მეორადი კანონმდებლობა პირველს ვერ დაშენდა, იმდენად არასწორი ტერმინოლოგია იყო გამოტანილი.
„ძალიან რთული იყო კანონზე მუშაობა. რომ გითხრათ, რომ კანონი არის კარგი, მოგატყუებთ, რადგან საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენცია არ ეყო, რომ სრული გულისყურით მისდგომოდა საკითხს. თარგმანიდან დაწყებული ტექნიკური ნაწილი იმდენად გაუმართავი იყო, რომ მეორად კანონმდებლობაზე რომ დავიწყეთ მუშაობა და ხელშეწყობა, მეორადი კანონმდებლობა პირველს ვერ დაშენდა, იმდენად არასწორი ტერმინოლოგია იყო გამოტანილი. პირველადი კანონმდებლობა გაკეთდა, თუმცა ხარვეზებით. კომპეტენციის ნაწილში სრული კრახი იყო. როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას არ ჰქონდათ კანონპროექტი წაკითხული. კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად არასწორად მიდიოდა მთელი ეს პროცესი. გამჭვირვალობა იყო, კერძო სექტორი ჩართული იყო პროცესში, თუმცა არცერთი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული.
ძალიან კომპლექსური პრობლემები წარმოიშვა. ის სივრცე, სადაც კერძო სექტორს დახმარება სჭირდება. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ხშირად, საჯარო სექტორი როდესაც ხედავს შესაძლებლობას, იწყებს კერძო სექტორის საქმის კეთებას და არ აკეთებს თავის საქმეს“, -ამბობს თანდაშვილი.
მისი ცნობით, ზოგადად კანონპროექტზე იურისტთა ჯგუფი მუშაობს, მაშინ როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთი იურისტი ჰყავს, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დონორების ჩართულობაა საჭირო, რითაც ადმინისტრაცია ბოლო 10 წელია მოდიოდა. თანდაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი მიიღო, პროცესები შუაში გაწყდა.
„კანონპროექტზე მუშაობა ხდება იურისტების დიდ ჯგუფთან ერთად, რომ შემდეგ საკანონმდებლო ენაზე გადაითარგმნოს ბიზნეს პროცესები. რანაირად შეძლებს იგივე ტურიზმის ადმინისტრაცია, რომელსაც მხოლოდ ერთი იურისტი ჰყავს, ისიც ადმინისტრაციული მიმართულებით, რომ რეფორმა განახორციელოს. მას რა თქმა უნდა, სჭირდება დონორი ორგანიზაციების დახმარება. ამ დონორული დახმარებით ადმინისტრაცია მთელი 10 წელი მოდიოდა. კანონმდებლობის მიღებისას, მთლიანად იყვნენ დონორები ჩართული. ისინი თავიანთი რესურსით, აკადემიური ცოდნით, ექსპერტების დაქირავებით, კვლევების განხორციელებით იყვნენ ჩართული და შუა პროცესში მიიღეს არ ვიტყვი ე.წ. რუსული კანონს, არ ვიცი საერთოდ ეს კანონი რას ემსახურებოდა. რითაც, ამ კანონით კავშირი დონორ ორგანიზაციებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაწყდა. ზაფხულის პერიოდიდან პროცესი გაჩერდა. მეორადი კანონმდებლობა ვერ შეიქმნა და ვერც შეიქმნებოდა, რადგან პირველადი არ იყო სრულყოფილი.
რატომ წავედით ცუდად, როდესაც მივდიოდით კარგად? – ჩვენი კითხვა კერძო სექტორიდან ამას ეხებოდა. ვითარდებოდა ბაზარი, ახალი ავიაკომპანიები შემოდიოდნენ. აბსოლუტურად არათანაბარი ნაბიჯებია გადადგმული პოლიტიკური მიმართულებით. ერთის მხრივ ვიძახით, რომ ამერიკასთან გვინდა პირდაპირი ფრენები, მეორეს მხრივ ვამუნათებთ მთლიანად ქვეყანას, პოლიტიკურ ძალას და რატომღაც არ გვესმის ტურიზმის პოლიტიკის შემქმნელების არავითარი განცხადება“, – აცხადებს თამარ თანდაშვილი.
მისივე ინფორმაციით, იანვარში ევროპაში ტურიზმის მიმართულებით გამოფენაა დაგეგმილი. თუმცა, ალიანსის დამფუძნებელი ამბობს, რომ დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ თუ ევროპა უნდა საქართველოს, მაშინ რატომ არაფერს აკეთებს ამისთვის.
„იანვარში დაგეგმილია ევროპის მიმართულებით გამოფენები ტურიზმის მიმართულებით. თუმცა, დიდი კითხვის ნიშნები გვაქვს. თან იძახი, რომ არ გვინდა ევროპა, თან იძახი, რომ გვინდა და ამისთვის არაფერს არ აკეთებ. ამ პოლიტიკის შემქმნელებს მეტი პასუხისმგებლობები აკისრიათ.
მნიშვნელოვანია ფაქტი და კარგად გამოჩნდა, რომ კომპეტენციის ნაწილი არის კერძო სექტორში. აბსოლუტურად დრომოჭმულია ის სახელმწიფო მართვის მოდელი, რომლითაც ტურიზმი იმართებოდა. კერძო სექტორი გაძლიერდა. დონორების დახმარებით კომპეტენცია არის მეტი. ადამიანები თვითორგანიზდებიან და ძალიან კარგად ხვდებიან დოვლათი როგორ უნდა მოაგროვონ. საჯარო სექტორს უნდა თუ არ უნდა, კერძო სექტორი განაგრძობს და უფრო გაძლიერდება. რადგან კრიზისი აძლიერებს და საშუალებას იძლევა, რომ ახალი პარტნიორები მოიძიო. ბაზარი დივერსიფიცირებული გახადო“, – თქვა მან.