კრისტალმა Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრო ბანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს. გაბანკების შემდეგაც, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საერთასორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამით ხელს უწყობს შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებას, რომელიც ძირითადად ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას ხმარდება.
ამჯერად „კრისტალმა“ გრძელვადიანი პარტნიორისგან – Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო. რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის კაპიტალის გაძლიერებაში და საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საფინანსო სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში. მიღებული თანხა მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე.
როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: „მოხარულები ვართ, რომ ტრიპლ ჯამპთან მორიგი გარიგება შედგა. კრისტალმა ბოლო წლებში გამორჩეული ფინანსური მაჩვენებლები, მაღალი მომგებიანობა და ზრდა აჩვენა. Triple Jump-თან სუბორდინირებული სესხის სახით ჩვენი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ზრდა, შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს მორგებული ფინანსური სერვისები და გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
„გვეამაყება, რომ კრისტალთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ სუბორდინირებული სესხის მეშვეობით კვლავ გრძელდება და მხარს უჭერს კომპანიის მიკრობანკად ტრანსფორმაციას, ამავე დროს, აძლიერებს მისი კაპიტალის სტრუქტურას. ეს ინვესტიცია გამოხატავს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ იმ პასუხისმგებლიან საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ემსახურებიან.“ – აღნიშნავს Triple Jump-ის საინვესტიციო ოფიცერი, თათია ჯაჯანაშვილი.
კრისტალსა და ტრიპლ ჯამპს შორის პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, მხარეებს შორის 15-მდე წარმატებული გარიგება შედგა.
ინფორმაციისთვის, კრისტალმა 2024 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო. 2025 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიამ 40 მლნ-მდე ფინანსური რესურსი მოიზიდა.
გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) და Symbiotics Asset Management SA.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
Triple Jump-ის შესახებ:
Triple Jump ჰოლანდიური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია გავლენიან და მდგრად ინვესტიციებზე განვითარებად ბაზრებში. კომპანიის წარმომადგენლობები მოქმედებს ლიმაში, მეხიკოში, ნაირობიში, თბილისში და ბანგკკოკში. Triple Jump უზრუნველყოფს საინვესტიციო შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს უფრო პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებას — რაც თავის მხრივ, გლობალური გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს. კომპანია მართავს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ აქტივს (Assets Under Management) და მისი მენეჯმენტისა თუ საკონსულტაციო მომსახურების ქვეშ მყოფი ფონდები აფინანსებენ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა: ფინანსური ჩართულობა, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება (Missing Middle Finance), კლიმატის ცვლილებასა და ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული ინვესტიციები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://triplejump.eu