კრისტალმა კივა კაპიტალთან თანამშრომლობით 5 მლნ აშშ დოლარის სესხი მიიღო

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს.
კომპანიამ ხელი მოაწერა 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას Kiva Refugee Investment ფონდთან და Small Business Resilience ფონდთან, რომლებსაც მართავს კივა კაპიტალი.
მიღებული რესურსის მიზანობრიობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ფინანსური სერვისების გაძლიერება წარმოადგენს. სესხის ნაწილი კი განკუთვნილია იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად მთელი საქართველოს მასშტაბით.
ეს არის პირველი თანამშრომლობა კრისტალსა და კივას შორის, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისოდ აღიარებული და დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული კომპანიაა. გარიგება ხაზს უსვამს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ახალი პარტნიორების ურყევ ნებას, ხელი შეუწყონ საქართველოში საფინანსო სექტორის განვითარებას და ზრდას.
“მოხარულები ვართ კივა კაპიტალთან პარტნიორობის დაწყებით და მოუთმენლად ველით მყარი, გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას. ეს პირველი გარიგება მნიშვნელოვანია კრისტალის შემდგომი ზრდისთვის. საქართველოს მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერითა და მიღებული დაფინანსებით გაცემული სესხებით, კომპანიამ უნდა გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კრისტალის ისტორიასაც საფუძველი, დან დევნილმა პირებმა ჩაუყარეს,”- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც ინვესტიციების მიმართულებით კივა კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: „კივა კაპიტალი მოხარულია დაიწყოს პარტნიორობა მიკრობანკ კრისტალთან, ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოში. Kiva Refugee Investment და Small Business Resilience ფონდებიდან, რესურსის გამოყოფით, კივა ხელს უწყობს ქართველი მცირე მეწარმეებისა და შინამეურნეობებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, აქცენტით დევნილებზე. კრისტალის ინკლუზიურობის მისია და საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან გავზარდოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა, რათა დავეხმაროთ მომსახურების მიღმა დარჩენილ თემებს განვითარებაში.“
· ინფორმაციისთვის, კრისტალმა 2024 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რაც 2023 წლის მონაცემებს 12 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.
· გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) და Symbiotics Asset Management SA.
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.
კივა კაპილალის შესახებ:
კივა კაპიტალის მიზანია ფინანსურად ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანს, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, ექნება წვდომა საჭირო კაპიტალზე. კივა კაპიტალი, რომელიც 2019 წელს დაარსდა როგორც კივას შვილობილი კომპანია, აქტივების მმართველია, რომელიც კაპიტალის უზრუნველყოფით მომსახურების მიღმა დარჩენილ თემებს უწევს მხარდაჭერას. ფინანსური სერვისების პროვაიდერებისა და სოციალური საწარმოების გლობალური საკრედიტო ქსელის გამოყენებით, ფინანსურ უკუგებასთან ერთად, კივა კაპიტალი უზრუნველყოფს ინვესტორების ღრმა ფინანსურ ჩართულობას და სოციალური საწარმოებისთვის შედეგების მიღწევას. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: www.kiva.org/kiva-capital