„კრიპტო მომხმარებლების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – საქართველო შესაძლოა, რეგიონში ჰაბი გახდეს“ – რატი მესხიშვილი
კომპანია “მატიოს” დამფუძნებლის, რატი მესხიშვილის ინფორმაციით, კრიპტო სექტორის მიმართულებით საქართველო შესაძლოა, რეგიონში ჰაბი გახდეს.
როგორც რატი მესხიშვილი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით კრიპტო მომხმარებელთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
“ქართული კომპანიები კრიპტო სფეროში საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ, ბევრი კომპანიაც არსებობს, სხვადასხვა, უცხოური კომპანიაც შემოვიდა. ბაზარს ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ და მსოფლიოს დიდად არ ჩამოვრჩებით. ბაზარს, რომ შევხედოთ მოსახლეობის დაახლოებით 5-დან 6%-ს კრიპტო საფულე აქვს, ან კრიპტო სფეროში აქვს ინვესტირება განხორციელებული. აღნიშნული საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სხვა ქვეყნებისგან გამოვირჩევით”, – აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.
კომპანია “მატიოს” დამფუძნებელი, კრიპტო ინდუსტრიის შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგულაციებს, რაც საქართველოში შემოდის, დაკვირვება სჭირდება.
“კრიპტო ინდუსტრიაშია გამარტივებული სქემა, ტრანსფერებია, ანგარიშზე ფული ძალიან მალე ჯდება და ა.შ. რეგულაციები, რაც საქართველოში შემოდის ამ ყველაფერს ცოტა დაკვირვებით უნდა შევხედოთ. რეგულაცია აუცილებელია, უბრალოდ უნდა დავსვათ კითხვა: რამდენი რეგულაციაა საჭირო?! თავისუფლება მეტ-ნაკლებად უნდა დარჩეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ – მომხმარებლის დაცვა და სახელმწიფო საკითხები. როგორიცაა ტერორიზმის დაფინანსება, სანქცირებული პირები ეს ყველაფერი რეგულირებადი უნდა იყოს. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თანხა არასაჭირო ადგილას არ წავიდეს. მეორე მხრივ, რეგულაციები მომხმარებელს ტრანზაქციების გაკეთების დროს დიდ პრობლემას არ უნდა უქმნიდეს”, – აღნიშნავს რატი მესხიშვილი.
ცნობისთვის, მთავრობა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირებას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე, ან დისტანციურად.
პაატა კვიჟინაძის ცნობით, ეროვნულმა ბანკმა ასევე, 2026 წლის პირველ სექტემბრამდე ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




