სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარს განიხილავდა, საქალაქო სასამართლოში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი არ შეცვალა.
სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენის, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება, საქმის განხილვა ამით დღეს 12 აგვისტოს დასრულდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი.
ბაჩიაშვილის საქმე
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. პროკურატურის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
10 მარტს ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:
· „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო – მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
· „მტკვარი ჰესის“ საქმეზე – ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
გამამტყუნებელი განჩენიდან ორ თვეში, 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს საქართველოს საპატიმროშია. იმის მიუხედავად, რომ მან ქვეყნის დატოვება შეძლო, სუსის ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავებმა 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ფორუმი
