საქართველოში დასაქმებული უცხოელი სუროგატი ქალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას წინასწარი შეცნობით, წარმოადგენს ექსპლუატაციას და ისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით.
სუროგატი დედების საქმე გამოსაძიებლად შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა.
საქმე ეხება რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს მიერ საქართველოში ჩამოყვანილი სუროგატი ქალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომელიც 3 აპრილს დაიწყო და რომელიც ამ დრომდე, ქონებრივი დაზიანების კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. ეს კი უფლებადამცველების აზრით, აფერხებდა გამოძიებისა და ქალებისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლებისა და დაზარალებულების სტატუსის მინიჭების პროცესს.
სუროგატი ქალების ადვოკატმა, „საფარის“ იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა, პროკურატურის წერილი 2 ივნისს ჩაიბარა:
„ეს წერილი 27 მაისითაა დათარიღებული. თავიდანვე ვითხოვდი, რომ ტრეფიკინგის მუხლით დაეწყოთ გამოძიება. არაერთი წერილებითაც მივმართე თბილისისა და გენერალურ პროკურატურას, შესაბამისი კომუნიკაციაც მქონდა ტრეფიკინგის სამმართველოსთან, თუმცა, მხოლოდ ახლა მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა საქმეზე. მიხარია, რომ დღეს მაინც მიხვდა სახელმწიფო, რომ საქმე ნამდვილად გვაქვს ტრეფიკინგთან.
ვფიქრობ, რომ პროკურატურა ახლა უკვე სუროგატ ქალებს მიანიჭებს ტრეფიკინგის მსხვერპლისა და დაზარალებულების სტატუსს და რაც მთავარია, ბრალი წარედგინება იმ პირებს, რომლებიც ამ საქმეში სავარაუდო დამნაშავის სტატუსით ფიგურირებენ. პირველ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიებას კვალიფიკაცია შეცვლოდა და ის არა გაუგებარი მუხლით, არამედ ტრეფიკინგის მუხლით წარმართულიყო. ეს ასეც მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების სწორად და ეფექტიანად ჩატარებისთვის. იმედია, ძალიან მალე გამოძიების შემდეგ ეტაპებსაც ვიხილავთ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილი.
ბოლო სტატია კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული და საქართველოში ჩამოყვანილი უცხოელი სუროგატი ქალების შესახებ რადიო თავისუფლებამ 27 მაისს გამოაქვეყნა.
სტატია შეეხებოდა პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ორ სუროგატ ქალს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა. ანუ, სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით გამოავლინა სუროგატი დედების ექსპლუატაციის ფაქტი და მათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.
დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
მანამდე, კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალები პოლიციასა და პროკურატურაში თითქმის ყოველ კვირა წერდნენ საჩივრებს, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და ინტერესი სუროგატი დედების მიმართ ამით სრულდებოდა.
კომპანია Kinderly, რომელმაც თბილისში ოფისები მარტის ბოლოს დახურა, სუროგატი ქალების ნაწილი კი 15 ქალი – შვილებთან ერთად, დახურულ ჰოსტელში შეასახლა, უკვე თვეებია, ჰონორარს არ უხდის სუროგატ დედებს. ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული 16 000-22 000 დოლარი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ უკვე მოისმინა 20-მდე სუროგატი ქალის ისტორია, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს უჩივიან. ქალები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ დაპირებული ჰონორარი, რომელიც ჯამში ათიათასობით დოლარს შეადგენს, არ გადაუხადა. ხოლო ბავშვების გაჩენის შემდეგ, ისინი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, გაუსაძლის პირობებში, ყველანაირი შემოსავლის გარეშე დატოვა.
ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუროგატი დედების ინფორმაციით, მიუხედავად კომპანიის მტკიცებისა, რომ ისინი ლიკვიდაციის პროცესში არიან, Kinderly კვლავ აგრძელებს სუროგატი დედების საქართველოში ჩამოყვანას.
ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი – სუროგატი დედები ძირითადად ამ ქვეყნებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.
Kinderly-ს, რამდენიმე ათეული სუროგატი ქალი ჰყავს საქართველოში ჩამოყვანილი, რომლებიც კომპანიის ნაქირავებ ბინებში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ.
შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.
კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში და ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. უშვილო წყვილებს კი სუროგატი დედებისა და დონორების მომსახურებას.
ის, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან წერს.
Kinderly-ში მაშინ რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და მუშაობას აჩერებდნენ.
მას შემდეგ, რადიო თავისუფლება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებთან და მათ დამფუძნებლებთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს. ისინი არც სატელეფონო ზარებს, არც ტექსტურ შეტყობინებებსა და არც ელექტრონულ წერილებს არ პასუხობენ.
ფორუმი
