კრივოშეევი: არ მახსენდება პარლამენტი, რომელიც ასეთ ცვლილებებს ამ მასშტაბით და ასე სწრაფად იღებდა

დრაკონული, რეპრესიული კანონები საწინააღმდეგო ხმების ჩასახშობად – ამგვარად საქართველოში მიღებულ რეგულაციებს ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე აფასებს. „საერთაშორისო ამნისტიის“ კვლევების ხელმძღვანელი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეჭვი აღარ რჩება იმის თაობაზე, თუ რა მიზნები აქვს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და ცვლილებებს. შერჩევითი დაკავებები, ძალადობა, სამართლიანი სასამართლოს დაკარგული უფლება, დამოუკიდებელი მედიისთვის არსებობის წყაროების შეზღუდვა და გამკაცრებული რეგულაციები – კრივოშეევი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ავტორიტარული პრაქტიკის მაგალითებია.
– საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში არაერთი ახალი კანონი აამოქმედა, ბევრში ცვლილება შეიტანა და ბევრის შეცვლას სამომავლოდ გეგმავს. ზოგიერთ განცხადებაში თქვენ ამ ცვლილებებს “დრაკონულ შეზღუდვებად” აფასებდით. გვითხარით, რატომ მიიჩნევთ ასე და რა არის ამ კანონების მიზანი?
საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მათი გამოყენება და როდის – არა.
– იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს.
საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის – არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას.
ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ – როგორც ჩანს თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცეებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. [ვხედავთ] როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას.
– ასობით დაკავებული მოქალაქე ამბობს, რომ ისინი უბრალოდ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს და არა კანონდარღვევისთვის, რომ მათ დაკავებისას ან მის შემდეგ ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „საერთაშორისო ამნისტია“ ამბობს, რომ ეს უკვე ტენდენციაა. რა მიუთითებს თქვენთვის იმაზე, რომ ეს ერთი საერთო სურათის ნაწილია და დაკავებებს და დაკავებულებთან მოპყრობას საერთო მახასიათებლები აქვს?
– როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ, თქვან თავისი სათქმელი. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავიანთი შეხედულებით ასხვავებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როცა გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონისა და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა. მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს, და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან.
ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად აკეთებს.
ჩვენ დოკუმენტირებული გვაქვს ასობით შემთხვევა, როცა ადამიანებს ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ მისცეს ადვოკატებთან დაკავშირების უფლება, დააკავეს თბილისში ან სხვა ადგილას, და შემდეგ პროტესტის, დაკავების ადგილიდან შორს გაათავისუფლეს, დიდი ხნის განმავლობაში ოჯახებთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს. და რაც ყველაზე მეტად შემაწუხებელია, რამდენი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ეს ძალადობრივია, ეს დანაშაულებრივია. ამისთვის, პოლიციამ, მათ ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია.
ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, იმას, რომ ეს [დაპატიმრებული] ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა, ან კანონს გადააბიჯა რამენაირად და ვინც იქ უბრალოდ, [ადგილზე] იყო. მას შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან. აპატიმრებენ, მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგი პროცედურებიც, სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება, როცა მოსამართლეები ისმენენ პოლიციელთა ჩვენებებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას, როგორც დადასტურებულ ფაქტს.
პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა, მათ ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით… ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს ერთი შემთხვევა არაა. ათეულობით შემთხვევაც არაა. ძალიან საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი, რაც აჩვენებს, რომ ასე ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვთ. ამის გამო ეპყრობიან მათ ასე. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე, გამორჩეულად უხეშად, ძალადობრივად მოექცნენ. მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაისჯებიან.
ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე, გამორჩეულად უხეშად, ძალადობრივად მოექცნენ. მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაისჯებიან.
– პასუხისმგებლობისა და დაუსჯელობის საკითხს ახსენებთ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ შესაძლო გადაცდომების თაობაზე ხელისუფლება გამოძიების ჩატარების პირობას დებდა, თუმცა არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი თუ სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთაგან ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარიყოს, თუნდაც ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც კადრებზე აღიბეჭდა და რომლებშიც აშკარა ფიზიკური ძალადობა ჩანდა, დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტების. რას ნიშნავს ეს სამომავლოდ მშვიდობიანი პროტესტის პერსპექტივისთვის?
– თუკი ეს ერთი სიტყვით უნდა შემეფასებინა, ეს სიტყვა უკანონობა [კანონგარეშე მდგომარეობა] იქნებოდა. ეს გამოხატავს იმას, როგორ უდგება პოლიცია სიტუაციას. ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ხელისუფლება ახალისებს პოლიციას, რომ ასე მოიქცეს. მათ ვინც ქუჩებში ძალადობას სჩადიან – ფორმიანები იქნებიან ეს თუ როგორც უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ, უფორმო მამაკაცები, რომლებიც მშვიდობიან თავყრილობებს ესხმიან თავს – იციან, რომ ამის გაკეთება სრული დაუსჯელობით შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ, რომ სამართალი არასდროს აღსრულდება [მათთვის], რომ ისინი არ აგებენ პასუხს იმაზე, რაც გააკეთეს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს დანაშაულები არ მიეცეს დავიწყებას და ადამიანებმა, რომლებიც ამ დანაშაულებს სჩადიან, მათზე პასუხი აგონ. მაგრამ ახლა ამ ძალადობის გამოძიება ხელისუფლებას აკისრია. ისინი თავად სჩადიან ამ დანაშაულს, ასე რომ ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება… ჩვენ ვხედავთ მათ, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდება და ერთ დღესაც, მათ მოუწევთ იმაზე პასუხისგება, რასაც აკეთებენ.
– ერთ-ერთ განცხადებაში ამბობდით, რომ ცალკე პრობლემაა სასამართლო სისტემაც, როდესაც ისედაც შერჩევითად დაკავებულ დემონსტრანტებს ნაჩქარევ სასამართლო პროცესებზე დიდ ჯარიმას ან პატიმრობას უსჯიან. რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეს უქმნის ეს მშვიდობიანი პროტესტის მომავალს, თუკი თქვენი შეფასებით, მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების უფლების გარდა, შემდეგ სამართლიან და გამჭვირვალე სამართლებრივ პროცედურებზეც არ მიუწვდებათ ხელი?
– არათუ არ მგონია, რომ ისინი სამართლიან სასამართლოს ვერ იღებენ. არამედ ვიცი, რომ ასეა. სამართლიანი სასამართლო ბევრ ელემენტს მოიცავს, დაწყებული იმით, ტომ როცა ადამიანები შერჩევითად არიან დაკავებულნი, ადვოკატებთან დაკავშირებაზე უარს ეუბნებიან – სამართლიანი სასამართლოს უფლება უკვე ამ მომენტიდანაა გამქრალი. აქ კი ვხედავთ ნაჩქარევ სხდომებს ადმინისტრაციულ საქმეებზე, როცა ადამიანებს მკაცრ ჯარიმებს აკისრებენ სულ რამდენიმე წუთში, ამას წყვეტენ მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელთა უსაფუძვლო მტკიცებების საფუძველზე.