კრივოი-როგში ბავშვების დაღუპვის შემდეგ რუსეთი აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეები აქვს

უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო დარტმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგ რუსეთში ისევ აცხადებენ, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეები აქვთ.
კრივოი-როგზე შეტევით გამოწვეულ მსხვერპლზე ს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა მოსკოვში დღეს, 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს. პესკოვმა მედიას „შესთავაზა“, რომ „მთლიანად და სრულად ორიენტირებული“ იყვნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე.
„ჩვენი სამხედროები ურტყამენ მხოლოდ სამხედრო და მახლობლად მდებარე სამიზნეებს. სოციალურ ობიექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არანაირი დარტყმები არ არის“, – მოჰყავს პესკოვის ციტატა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრივოი-როგში დაარტყეს ადგილს, სადაც თათბირს მართავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურები და დასავლეთის ინსტრუქტორები.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 აპრილს, საღამოს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს კრივოი-როგის საცხოვრებელ მიკრორაიონს. სარაკეტო დარტყმას მოჰყვა ქალაქზე დრონებით შეტევაც.
დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 20 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.