კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს, 7 მაისს მოსკოვის კრემლში გაიმართება ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს. ცერემონია მოსკოვის დროით 12:00 საათზე დაიწყება და ს ყველა ტელეარხით გადაიცემა.
რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელი იყო. რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ ჩაატარა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში, რუსეთში ფაქტობრივად, გაჩნდა შიშით და ძალით ჩანერგილი სამხედრო ცენზურა და არჩევნებმა ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია – ვერ შექმნა წარმოდგენა მოქალაქეთა რეალური განწყობების შესახებ და მათ არ მისცა საშუალება, ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაეწყვიტათ.
ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციაზე მიიწვიეს რუსეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, მათ შორის „არამეგობრული ქვეყნებიდანაც“. რუსეთი, რომელიც ორ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, „არამეგობრულად” მიიჩნევს უკრაინის მხარდამჭერ სახელმწიფოებს.
პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის, დიდი ბრიტანეთის და -ის წარმომადგენლები. სააგენტო dpa ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ინაუგურაციას დაესწრებიან საფრანგეთის, უნგრეთის და ს წარმომადგენლები, რათა კომუნიკაციის არხები შეინარჩუნონ და რუსეთს არ მისცენ დამატებითი საბაბი დიპლომატიური წესების და ნორმების იგნორირებისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს განაცხადა, რომ ვერ ხედავს სამართლებრივ საფუძველს ვლადიმირ პუტინი აღიაროს რუსეთის დემოკრატიულად და ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.