ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი უკრაინის საკითხით მანიპულირებს. მისივე აზრით, პუტინისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში რყევები შიგნიდან დაიწყოს, რისთვისაც ორბანს იყენებს.
კრამონმა “დღის სტუმრისთვის” მიცემულ კომენტარში თქვა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანხვედრაშია ორბანის პოლიტიკასთან, ამიტომ მისი მთავარი მიზანი არ იქნება საქართველოს საკითხის დაბლოკვა.
“ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ორბანი ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს, არის არა უნგრულ უმცირესობაზე წუხილი უკრაინაში, არამედ დარდი საკუთარ ფულზე და ევროპულ ფონდებზე, რომლებიც მას ევროკავშირმა გაუყინა. ამიტომ ახლა ორბანი უკრაინის საკითხით მანიპულირებს. ეს არის ერთი მიზეზი, მეორე მხრივ კი კრემლი ორბანს ტროას ცხენივით იყენებს, რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირში რყევები შიგნიდან დაიწყოს, პუტინისთვის მთავარია, ევროკავშირის სტაბილურობას საფრთხე შიგნიდან შეუქმნას. ის სწორედ ამისთვის იყენებს ორბანს. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანხვედრაშია ორბანის პოლიტიკასთან, ამიტომ მისი მთავარი მიზანი და სურვილი არ იქნება დაბოლოს საქართველოს საკითხი. ყველამ კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომელიც ძლიერად იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული სტანდარტებისთვის, სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მიიღო ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს ყველამ იცოდეს საქართველოში. რაც შეეხება უნგრეთის გარიცხვას, დიახ, ჩვენ ამას განვიხილავთ, უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც წლების განმავლობაში არ იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, არ იცავს ევროპულ პრინციპებს, ისინი, ვინც ყოველთვის ბლოკავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს”, – თქვა კრამონმა.
გუშინ უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა ვიქტორ ორბანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა. საუბარი შეეხო უნგრეთის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს.